
სად ეძებს მთავრობა "ლგბტ პროპაგანდის" კვალს და რას მოგვიტანს ანტი-ლგბტ კანონი

სად ეძ ებს მთავრობა "ლგბტ პროპაგანდის" კვალს და რას მოგვიტანს ანტი-ლგბტ კანონი
2021 წლის 5 ივლისს წინასწარ ორგანიზებულმა ულტრა-მემარჯვენა ჯგუფებმა თბილისში, პრაიდ კვირეულზე გამართული მსვლელობისას კონტრაქცია მოაწყეს და უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის, ჟურნალისტის მიმართ ფიზიკურად იძალადეს. ლგბტქ+ თემის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს არ მიეცათ შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამავე დღეს, სასტიკად გაუსწორდნენ ტვ პირველის ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ამ დრომდე შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი არ არის სათანადოდ გამოძიებული. ასევე – საგამოძიებო ორგანოების მიერ კვლავ იგნორირებულია სახელმწიფო მოხელეთა პასუხისმგებლობის საკითხი.
,,ქართული ოცნება’’, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს, ირწმუნება, რომ ''მშვიდობისა და სტაბილურობის’’ გარანტია და დემოკრატიულ სახელმწიფოს შენებაშია ჩართული. სწორედ ამ ხელისუფლების იმდროინდელმა უმაღლესმა პირმა, პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ''თბილისი პრაიდის'' მიერ ორგანიზებულ ''ღირსების მარშს'' პროვოკაციული აქტი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ''როდესაც მოსახლეობის 95% ეწინააღმდეგება პროპაგანდისტული აღლუმის დემონსტრაციულად ჩატარებას, უმრავლესობის ნებას თითოეული უნდა დავმორჩილდეთ’’. აღნიშნული განცხადებით, სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილის შეფასებით, მან წაახალისა რადიკალური ჯგუფები და ცხადყო, რომ სახელმწიფო ორგანოები არ მიიღებდნენ კანონის ფარგლებში დადგენილ ზომებს მიუხედავად ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ განხორციელებული ძალადობისა.
რა მიზანს ემსახურება ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამოხატული სიძულვილის ენა LGBTQ+ თემის მიმართ? რა ინტერესი აქვს ხელისუფლებას როდესაც უმრავლესობის ნების პრიორიტიზებასა და დომინაციას ახდენს უმცირესობათა ჩაგვრის ხარჯზე? სად ეძებს მთავრობა ,,ლგბტ პროპაგანდის’’ კვალს და რას უკავშირებს მას?
დროთა განმავლობაში ლგბტქ+ საზოგადოების მიმართ ხელისუფლების წევრებისა და მათი პროპაგანდისტული მედიების საშუალებით, სიძულვილის ენის გამოყენების სიხშირე გაიზარდა. მედია განვითარების ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თუკი 2018 წელს პოლიტიკოსების, ისე სხვადასხვა მედია პლატფორმების მხრიდან - 732 ჰომოფობიურ განცხადებას შევხვდებოდით, 2019 წელს ეს რიცხვი 1214 გახდა. ჰომოფობიური განცხადებების უმრავლესობა ირწმუნებოდა, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ჰომოსექსუალიზმს, რისი საშუალებითაც ებრძვის ეროვნულ ფასეულობებსა და ეკლესიას. აღნიშნული ჰომოფობიური რიტორიკა არ შეცვლილა, პირიქით, ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა საერთაშორისო ტრიბუნების გამოყენებაც დაიწყეს ამის დასადასტურებლად. მაგალითად, 2023 წლის ივლისში, იმდროინდელი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა უნგრეთში, სადაც აღნიშნა, რომ ''LGBT+ პროპაგანდა'' ანადგურებს ოჯახის ტრადიციულ ღირებულებებს’’. აღნიშნული განცხადება მოიწონა ულტრა-მემარჯვენე, რადიკალურმა და ძალადობრივმა დაჯგუფებამ - ალტ-ინფომ, რომლის ეთერშიც გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა: ''რადგან სამყარო დაყოფილია პრო-სოდომისტ და ანტი-სოდომისტ ძალებად, ღარიბაშვილის ვიზიტი უნგრეთში ძალიან მნიშვნელოვანია’’. გურამ ფალავანდიშვილი არაერთხელ გამოირჩა ანტიდასავლური ნარატივებით, შესაბამისად, ამ განცხადებითაც მან გააგრძელა დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული სამთავრობო რიტორიკა.
ნარგიზა არჯევანიძე, ,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის’’ მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით გაძლიერდა ჰომოფობიური რიტორიკა: ,,სიძულვილის ენა მიზნად ისახავს სტერეოტიპების გაღრმავებას კონკრეტული ჯგუფების მიმართ და მათ სტიგმატიზაციას. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ერთი ჯგუფის მიმართ გამოყენებული და ნორმალიზებული სიძულვილის ენა შეიძლება სხვა ჯგუფების მიმართაც გავრცელდეს, ამიტომ მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებს აკისრიათ, ვინაიდან მათ ხელშია ძალაუფლება და მათ ჰყავთ დიდი აუდიტორია. მიუხედავად ამისა, აშკარაა, რომ თავიდან, თუკი ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ განცხადებებს ულტრამემარჯვენე და კონსერვატიული ჯგუფები აკეთებდნენ, ახლა მათი ადგილი დაიკავა მმართველმა პარტიამ. ეს არის ე.წ ,,კონსერვატიული შემობრუნება’’ და პოლიტიკური ჰომოფობიის ძალიან მძლავრი ტალღა’’.

,,პროსახელისუფლებო მედია საშუალებები აქტიურად არიან ჩართულები სიძულვილის ენის გაღვივების პროცესში. სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოარჩევენ ხოლმე ჯგუფს და ხშირად, მათი მხრიდან მზადდება კონსპირაციულ თეორიებზე დაყრდნობით რეპორტაჟები, ისეთი ტიპის გადაცემები, რომელთა მიზანიც არის მოსახლეობის აღშფოთება არარსებულ პრობლემაზე’’
-ნარგიზა არჯევანიძე, მკვლევარი
ანტი-LGBTQ+ პროპაგანდის მიზანი
ხელისუფლების მიერ წარმოებული ანტი-ლგბტქ+ პროპაგანდისა და სიძულვილის ენის ერთ-ერთ მთავარ მიზნად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს დასავლეთის მიმართ საწინააღმდეგო დამოკიდებულების გაღვივება საზოგადოებაში. ამის ეჭვს ბადებს ისიც, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული მედიები იზიარებენ სახელისუფლებო რიტორიკას და ცდილობენ, არარსებული ''ლგბტ პროპაგანდა'' დასავლეთს დაუკავშირონ.

ეკა აღდგომელაშვილი, გენდერის მკვლევარი, ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ანტილგბტ პროპაგანდა მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის მიმართ საზოგადოებაში არასწორი და აგრესიული განწყობების შესაქმნელად: ''პროსახელისუფლებო ძალების მხრიდან არაერთხელ მოგვისმენია, რომ ''ლგბტ პროპაგანდა'' დასავლეთიდან არის ინსპირირებული, რომ თითქოს დასავლეთი გვაძალებს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მაშინ როდესაც თავად ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში არ არის იგი დაკანონებული, რა ლოგიკით შეიძლება ვინმემ ჩვენ გვაიძულოს ასეთი გადაწყვეტილების მიღება''.
გარდა ხელისუფლებისა და მედიისა, აღსანიშნავია მმართველ ძალას გამოყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილი პარტია ''ხალხის ძალა’’, რომელმაც ''რუსული კანონი’’ მზის შუქზე პირველად გამოიტანა. ''ხალხის ძალის’’ რიტორიკა გამორჩეულია ანტიდასავლური განწყობების გაღვივებით, ამასვე ცხადყოფს თებერვალში მათ მიერ გაკეთებული ოფიციალური განცხადება, რომელშიც დასავლეთის მიმართ აგრესიისა და უარყოფითი განწყობების ჩამოყალიბებას ისინი ლგბტ თემის საკითხით ცდილობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა ‘’ფსევდო-ლიბერალურ იდეებს’’ ავრცელებს და სწორედ ამიტომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უნდა გადაიხედოს. აღნიშნული განცხადება შეიცავს ლგბტ თემით მანიპულირებას დასავლეთის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მიმართ აგრესიის გასაღვივებლად.
,,ჰომოფობიური განწყობების შექმნის ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ დასავლეთის დემონიზება მოხდეს, შედეგად კი მოსახლეობას რუსეთს გვიტოვებენ ალტერნატივად’’
ნარგიჯა არჯევანიძე, მკვლევარი

მაშინ როდესაც მმართველი ძალა და პროსამთავრობო პროპაგანდისტული სატელიტები ანტიდასავლური განწყობის შექმნას ლგბტ თემის მიმართ სიძულვილის კამპანიის წარმოებით ცდილობენ, ლგბტქ+ ადამიანებს უფრო და უფრო დაუცველ და აგრესიით სავსე გარემოში უწევთ ცხოვრება. ამასვე ცხადყოფს სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 52%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია ძალადობა საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო. ამას გარდა, გამოკითხულთა 56% ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც არაერთხელ გახდა. კვლევამ ცხადყო, რომ ძალადობა ყველაზე ხშირად ვლინდება სიცოცხლის მოსპობის მუქარით. 19 წლის ლუკა აბლოთიაც სექსუალური ნიშნის გამო არაერთგზის ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას პირველად ჩვიდმეტი წლის ასაკში დაესხნენ თავს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, თვრამეტი წლის ასაკში კი მან ბელგიის სახელმწიფოს მიმართა, რომელმაც იგი შეიფარა.
,,თავს ვგრძნობდი დაუცველად, ყოველდღე სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ არაერთ წერილს ვიღებდი, ქვებსა და შუშის ბოთლებს ესროდნენ ჩემს სახლს, სახლთან კი მკვდარ ვირთხებს მიყრიდნენ‘‘

ძალადობის საპასუხოდ მოქალაქეს ერთადერთი მექანიზმი რჩება - მიმართოს პოლიციას დასახმარებლად, მაგრამ მაშინ როდესაც პოლიციაც ხელს უწყობს თავისი უმოქმედობით ძალადობის გაღვივებას, მოქალაქეს სხვა გზა აღარ რჩება გარდა ქვეყნის დატოვებისა - ,,მუქარის შემცველი წერილების მიღებისა და თავდასხმების შემდგომ თითოეულ ჯერზე მივმართე საპოლიციო ორგანოებს დასახმარებლად, თითქმის ყოველ კვირა ვწერდი საჩივარს. ვიცოდი, რომ პოლიციას შეეძლო ჩემი დაცვა, მაგრამ ამას განზრახ არ აკეთებდა. ისინი ჩემს მიმართ ცინიკურად და აგრესიულად იყვნენ განწყობილები. მათგან მომისმენია ისიც თუ როგორ შეურაცხყოფელად მოიხსენიებდნენ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს. საქართველოს დატოვება გადავწყვიტე მაშინ, როდესაც ჩემი სიცოცხლის მოსპობის საკითხი რეალური გახდა’’ - ამბობს ლუკა აბლოთია ჩვენთან ინტერვიუში.
აშკარაა, რომ მმართველი პარტია არ ერიდება საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის ადამიანთა უფლებების შეზღუდვას, საერთაშორისო და შიდა კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა მას შემდეგ რაც ,,ქართულმა ოცნებამ'' ''რუსული კანონის’’ ინიციირებასთან ერთად ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღება გადაწყვიტა, რომელიც არაფერია სხვა ვიდრე ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ მიმართული კანონი. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციონალისტების შეფასებით, იგი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების აშკარა შეზღუდვისაკენ მიმართულ მავნებლურ პოლიტიკურ ნაბიჯს, რომელიც ინსტიტუციური ჰომოფობიის აშკარა გამოვლენაა. აღნიშნული ინიციატივა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩაგვრასა და სისტემური უთანასწორობის გამძაფრებას გულისხმობს, რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში ჰომოფობიური, ძალადობრივი განწყობებისა და რადიკალური ჯგუფების გააქტიურებას, რომლებიც აშკარა საფრთხეს უქმნიან ქვეყანაში სოლიდარული და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ მამუკა მდინარაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კანონპროექტის განხილვებამდე განაცხადა შემდეგი: “ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი „კლასტერი“ და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ - ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება სამართლებრივი მოსაზრებების გამო. იმის გამო, რომ თქვენ, რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით ისარგებლებთ. აბსოლუტურად სხვა რამეა ადამიანების, ნებისმიერი ჯგუფის წარმომადგენლების უფლების დაცვა, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ქვეყანა, არაერთი კანონია ამასთან დაკავშირებით მიღებული და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს. ამისგან, რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა''. მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ მისთვის მიუღებელი იქნება "ლგბტქ+ პროპაგანდის" შემზღუდავი ნებისმიერი კანონპროექტი.
მაშინ როდესაც ლგბტქ+ ადამიანები მათი უფლებების დაცულობის კუთხით არაერთი გამოწვევების წინაშე დგანან და ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში უთანასწორო მოპყრობისა და ამგვარი მოპყრობის რისკის წინაშე იმყოფებიან, ხელისუფლება, ნაცვლად იმისა რომ დგამდეს ქმედით ნაბიჯებს მათი მდგომარეობის გამოსასწორებლად, აღნიშნული პოპულისტური საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს თავისუფალი და კრიტიკული აზრის ჩახშობასა და წლების განმავლობაში სისტემურად მარგანილიზებული ჯგუფის მეტად იზოლირებას. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური ჰომოფობია, როგორც მეთოდი, წინასაარჩევნო პერიოდში, წლების განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისა და მხარდამჭერების მისამხრობად, ახლაც, აღნიშნული კანონის მიღებით სავარაუდოა, რომ ,,ქართული ოცნება’’ წინაასარჩევნო პერიოდში კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის მოზიდვას ეცდება, ოპოზიციის მიმართ აგრესიის გაღვივებას ეცდება და საქართველოს ევროპისაგან დაშორების კამპანიაში კიდევ ერთ აგურს დადებს. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი კობახიძის შემდეგი განცხადება: ''გამომდინარე იქიდან, რომ პროპაგანდა შეიცავს რისკებს, ვფიქრობთ, ეს საკითხი უნდა მოწესრიგდეს. როდესაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია მხარს უჭერს ლგბტ პროპაგანდას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“.
ანტი-ლგბტ კანონს ბოლო წლების განმავლობაში ითხოვნდნენ პრორუსული მედია პლატფორმები და სხვადასხვა პრო-სამთავრობო თუ ულტრამემარჯვენე ჯგუფები, მათ შორის მოძალადე პრორუსული ექსტრემისტული ჯგუფი - Alt Info. ეს სულაც არ არის გასაკვირი იმის ფონზე, რომ იდენტური კანონი რუსეთში მიღებულ იქნა 2013 წელს. რუსეთის ხელისუფლება აღნიშნავდა, რომ კანონი დაიცავდა ლგბტ პირებისაგან ტრადიციულ რუსულ ღირებულებებსა და ახალგაზრდა თაობას. შესაბამისად, პუტინის ნარატივებს აბსოლუტურად ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და კანონპროექტის ავტორების მიზნები. აღნიშნული დასტურდება კანონპროექტის განმარტებით ბარათში ჩაწერილი შემდეგი სიტყვებით:
ანტილგბტ კანონის მიღების შედეგად რუსეთში ძალადობის დონე სექსუალური უმცირესობების მიმართ საგრძნობლად გაიზარდა. ამასთან, ლგბტქ+ თემის ,,ექსტრემისტებად’’ გამოცხადების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო ადამიანების სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ,,ქართული ოცნების’’ მიერ აღნიშნული კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, მივიღებთ იდენტურ შედეგს. როგორც მკვლევარი ნარგიზა არჯევანიძე ამბობს: ,,ეს არის ჰომოფობიური კანონპროექტი, რომელიც ლგბტ(ქ)ი ადამიანებს საბაზისო უფლებრივი გარანტიების მიღმა ტოვებს. ასეთი ტიპის კანონპროექტი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის არის უცხო, ამით ვემსგავსებით ავტორიტარულ და ანტიდასავლურ ქვეყნებს. შედეგად, საქართველოში გაიზრდება ჰომოფობიური განწყობები, სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფი კიდევ უფრო მოწყვლადი გახდება, დაიწყება ადამიანთა დევნა პოზიციის დაფიქსირების გამო. კანონი შეაღწევს ისეთ მნიშვნელოვან სფეროშიც კი როგორიცაა აკადემიური სივრცე’’.
რეკომენდაციები ჰომოფობიური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებების აღსაკვეთად:
სამოქალაქო სექტორმა აქტიურად უნდა მოახდინოს ინფორმირება საზოგადების იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც ემუქრება სექსუალურ უმცირესობებს სამთავრობო და რადიკალური ჯგუფების მიერ ჰომოფობიური განცხადებებისა და ქმედებების შედეგად
ხელისუფ ლების წარმომადგენლებმა უნდა მოახდინონ ლგბტქ ჯგუფის უფლებების რეალური აღიარება და ჯგუფის საჭიროებებზე დაფუძნებული კომპლექსური ზომების მიღება
სახელმწიფომ ჰომოფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს კამპანია, რომლის საშუალებითაც დასავლეთის დემონიზებას ცდილობს ლგბტ თემის საკითხით
აუცილებელია, შეწყდეს იმ კანონის განხილვა, რომელ იც მიმართულია ლგბტ თემის წინააღმდეგ და რომელიც გააუარესებს მათი ცხოვრების დონესა და შეზღუდავს მათ უფლებებს